სადიდებლად წმიდისა და თანაარსისა, ცხოველმყოფელისა და განუყოფელისა სამებისა!


სადიდებლად წმიდისა და თანაარსისა, ცხოველმყოფელისა და განუყოფელისა სამებისა!

Wednesday, August 8, 2012

მოსე და ღვთის გამოცხადება


                                                                                        გეორგიოს მანძარიდისი
                                               თესალონიკის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო სკოლის პროფესორი




   ღვთის გამოცხადება წმინდა წერილში ორი, სხვადასხვა სახითაა წარმოჩენილი, რომლებიც ერთობ განსაკუთრებულია.  საღვთო წერილს ზოგიერთ ადგილას ღვთის ხილვასთან დაკავშირებით ასეთი მოკლე პასუხი აქვს: შეუძლებელია! მაგალითისათვის, "გამოსვლათა" წიგნში ღმერთი ეუბნება მოსეს: ,,ვვერ ძალ-გიც პირისა ჩემისა ხილვად, რამეთუ არა არს კაცი, რთმელმან იხილა პირი ჩემი და ცხონდა,"[1] ხოლო მეფსალმუნე აღნიშნავს, რომ ღმერთმა "დადვა ბნელი საფარველად მისა."[2] ახალ აღთქმაში, იოანეს სახარებაში წერია: ,, ღმერთი არავინ სადა იხილა,"[3] და მოციქული პავლე დასძენს, რომ ღმერთი არის ის, "რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ჴელ-ეწიფების."[4]

   თუმცა, ამვდროულად, წერილში ვხვდებით კიდევ არაერთ გამოცხადებას ღვთისას.  მაგალითად, იაკობი ამბობს: ,,ვიხილე ღმერთი პირისპირ და ცხოვნდა სული ჩემი (ე.ი - ცოცხალი დავრჩი)"[5]. და კიდევ, მოსე წერს: ,,ეტყოდა უფალი მოსეს პირისპირ, ვითარცა-იგი ვინ ზრახავს თჳსსა მეგობარსა"[6]. და იობიც, მიმართავს რა უფალს, ამბობს: ,,ჰამბავით ყურთა მესმინა შენთჳს პირველ და აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ"[7]. "ახალ აღთქმაში" ქრისტე "წმინდა გულის"[8] მქონეთ ნეტარს უწოდებს, რადგან ისინი იხილავენ ღმერთს, მათ შეუძლიათ ღმერთის ხილვა.  მოციქული იოანე კი წერს: ,,საყუარელნო, აწ შვილნი ღმრთისანი ვართ და არღარა გამოჩინებულ არს, რაჲ ყოფად ვართ. გარნა ვიცით, რამეთუ უკუეთუ გამოცხადნეს, მსგავსად მისსა ვიყვნეთ, რამეთუ ვიხილოთ იგი, ვითარცა იგი არს"[9].

ამ ადგილთა განმარტებისას წმ. გრიგოლ პალამა აღნიშნავს, რომ ღვთისმეტყველება ღვთის ხილვას შეუძლებლად აღიარებს, მაგრამ, იმავდროულად, შესძლებლადაც თვლის. შეუძლებელად იმიტომ, რომ ღმერთი წარმოუდგენელი და მიუწვდომელია თავისი არსითა და ბუნებით, ხოლო შესაძლებლად აღიარებს იმიტომ, რომ ღმერთი ახლოს მოდის მთელ ქვეყნიერებასთან და თავის თავს მისაწვდომს ხდის საკუთარი ენერგიების მეშვეობით. ამდენად, ეს ორი რამ არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ჰარმონიული რეალობაა.

ღვთის მიუწვდომლობა არ გამორიცხავს მის ხილვადობას, შემეცნებადობას.  არც ღვთის ხილვა და შემეცნება არ უარყოფს, ან აკნინებს მისი არსის (ბუნების) მიუწვდომლობას. როგორც შექმნილ არსებას, მოსეს არ შეუძლია შეუქმნელი ღმერთის პირის ხილვა, ამიტომ დადგა იგი ,,კლდის ნაპრალში" და დაფარა ღვთის ხელმა, ჩაიარა რა მისმა დიდებამ, რომლის მხოლოდ "ზურგის" ხილვა შეძლო მოსემ.  მაშინ, როდესაც წინასწარმეტყველმა ელიამ ღვთის თანამყოფობა (თანდასწრება) შეიგრძნო, სახე დაიფარა თავისი მოსასხამით.  ხოლო ქრისტეს ფერისცვალებისას, მოციქულები, რომლებიც მეტად შეშინებულნი იყვნენ, ,,დავარდეს პირსა ზედა თჳსსა."[10]

ღვთის გამოცხადება ადამიანისადმი არ შემოიფარგლება ერთი რომელიმე სახით ან მნიშვნელობითა და აზრით.  როგორც წმინდა მაკარი ეგვიპტელი აღნიშნავს, ღმერთი გამოეცხადა თითოეულ წმინდა მამას ისე, "როგორც მას ენება და ესურვა".  მისი გამოცხადება აბრაამთან, ისააკთან, იაკობთან, ნოესთან, დანიელთან, დავითთან, სოლომონთან, ესაიასთან და სხვა წმინდა წინასწარმეტყველებთან ერთმანეთისაგან განსხვავებული იყო.  მაშინაც კი, როცა ღმერთი ერთსა და იმავე პიროვნებას ეცხადება, ეს არ ხდება ერთი და იმავენაირად.

ადამიანი თანდათანობით შედის ღმერთთან ზიარებაში და ხდება მისი დიდების მხილველი.

საბოლოოდ, ყველა გამოცხადება ძველ აღთქმაში, როგორც ღვთის სიტყვის განკაცებამდელი გამოცხადება, განკუთვნილია არა მხოლოდ იმ პიროვნებებისადმი, რომლებსაც უშუალოდ ეცხადებოდა ღმერთი, არამედ ესაა ღვთაებრივი განგებულება და მისი ხორციელად მოსვლის მომზადების შემადგენელი ნაწილი.

მოსე არც პირველი ყოფილა და არც ერთადერთი ადამიანი, რომელმაც "ძველ აღთქმაში" ღმერთი იხილა.  თვითონ ღმერთი ესაუბრება მოსეს, ამბობს: "მე ვარ უფალი, რომელი ვეჩვენე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, რომელთა ღმერთი მე ვარ და სახელი ჩემი არა ვაუწყე მათ."[11]  ამდენად, მოსესთან პირველი გამოცხადებისას იგი გამოცხადდა, როგორც აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთი. ამ გამოცხადებისას, ცეცხლმოდებულ მაყვლოვანში, მოსე შიშობდა და სურდა ახლოს მისულიყო მასთან.  მაგრამ როგორც კი ღვთის ხმა ესმა მაყვლოვანიდან, პირი მიიქცია, რადგან შეეშინდა.  როცა ღმერთმა განუცხადა მოსეს, რომ იგი მას თავისი ხალხის გასათავისუფლებლად გზავნიდა ეგვიპტეში, მოსემ სთხოვა ღმერთს, თავისი სახელი გამოეცხადებინა, რათა ისრაელიანებს მისი ცნობა შეძლებოდათ.  ღმერთმა უპასუხა: ,,მე ვარ მყოფი...  ესრე არქუ ძეთა ისრაელისათა: "რომელ-იგი არს მყოფი, მან მომავლინა მე თქუენდა."[12]  ამდენად, მოსე ღვთის მხილველი პირველი პიროვნება გახდა, რომელსაც ღმერთმა გამოუცხადა თავისი თავი, როგორც "მყოფი", ე.ი როგორც  ყოფიერება, არსება და როგორც პიროვნება, ჰიპოსტასი. იმავე მოსეს ღმერთი უცხადებს თავის თავს, როცა სჯულს გადასცემს მას, და ასე, მრავალგზის აღთქმული მიწისკენ მოგზაურობისას. მართლაც, მოსეს მთელი მოგზაურობისას ღვთის პიროვნული თანხლება ამაგრებდა.  საბოლოოდ, მოსე წარმოჩნდა, როგორც პიროვნება, რომელსაც უხილავს ღმერთი ახალი აღთქმის პერიოდშიც კი: როცა გამოჩნდა იგი წინასწარმეტყველ ელიასთან ერთად უფლის ფერისცვალებისას. აღინიშნება, რომ მოსე გამოცხადდა როგორც წარმომდგარი მიცვალებულთაგან, ხოლო ელია წარმომდგარი ცოცხალთაგან. ამავე დროს, მოსე წარმოადგენს რჯულს, ხოლო ელია წინასწარმეტყველთა წარმომადგენელია. მოსე მიიცვალა აღთქმულ მიწაზე შეუღწევლად, სადაც იესო ნავეს-ძე წარუძღვა ხალხს.  ანალოგიურად, რჯულმაც  გარკვეულ დრომდე იარსება, ვიდრე არ გაუქმდა, როგორც აჩრდილი ღვთის სასუფევლის გამოვლენამდე, რომელიც იესო ქრისტემ შემოიტანა ამქვეყანად.

ელია არ მომკვდარა, არამედ გადაყვანილ იქნა მარადიულ ჭრშმარიტებაში.  ანალოგიურადვე, წინასწარმეტყველება არ გაუქმებულა, არამედ აღსრულდა, როგორც უცილობელი, უდავო ჭეშმარიტება.  ღვთის გამოცხადება იმ პიროვნებათა ცხოვრებასა და სიცოცხლეში, რომლებიც მას ხედავენ, არ გახლავთ რაღაც ამქვეყნიური, მიწიერი ფენომენი, და კიდევ უფრო ნაკლებად - პირადი მიღწევა.  უფრო მეტიც, ღვთის გამოცხადება ადამიანისადმი ღმერთის მოძრაობის შედეგია.  როგორც გამოცდილებას, რომელსაც შექმნილი და შემოსაზღვრული ადამიანი ურთიერთობაში შეჰყავს შეუქმნელ და ტრანსცენდენტალურ ღმერთთან, როგორც წესი, თან ახლავს მძიმე, რთული განსაცდელები. ეს ჩანს მოსეს შემთხვევაშიც, რომელიც "გამოიცადა ღვთისაგან და მას შემდეგ გამოჩნდა ერთგული და სარწმუნო, მოთმინებით გამძლები მრავალი განსაცდელისა, გახდა რა განმათავისუფლებელი, წინამძღოლი და მეფე ისრაელისა."  რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მოსე ეგვიპტეში 40 წლიანი ყოფნის შემდეგ,  კიდევ 40 წელი გაიხარჯა გადასახლებაში იმისათვის, რომ მომზადებულიყო და ემწყემსა რჩეული ხალხი მომდევნო, კიდევ 40 წლის განმავლობაში.

წმინდა გრიგოლ ნისელის თანახმად, მოსეს ღვთის გამოცხადებები ხელმღვანელობდა, რომ მის განუწყვეტლივ შემეცნებაში მაღალი საფეხურებისთვის მიეღწია.  თავდაპირველად მოსემ ღმერთი "ცეცხლში", ე.ი ნათელში იხილა, შემდეგ "წყვდიადში".  ამდენად, რაც უფრო ახლოს მივიდა ღმერთთან, მით უფრო მიხვდა, რომ ღვთაებრივი ბუნება ყოველგვარი ხილვის, ჭვრეტის მიღმაა. საბოლოოდ, ის მივიდა ხელთუქმნელ კარავთან, რაც ნიშნავს ღვთისადმი მის ამაღლებათა მწვერვალს, ერთგვარ ბოლო წერტილს.

ეს ხელთუქმნელი კარავი, რომლის მიხედვითაც ბრძანა მან ხელითქმნილი კარვის მშენებლობა, არის ქრისტე, "დაეცა რა ჩვენს შორის იგივე კარავი".  ამ გამოცხადებას, უფრო მეტიც, ძალიან ღრმა გავლენა აქვს სულზე, ისევე როგორც სხეულზე. შინაგანი ბრწყინვალება, სიკაშკაშე გამოიხატება ღვთის მხილველი პიროვნების სხეულზე, მის გარეგნულ მხარეზე.  როცა მოსე სინას მთიდან 40 დღის შემდეგ აღთმის ფიქალებით ჩამოდის, ხალხი შეშინებული ეგებება, მოკრძალებით ხვდებიან მას მისი პირსახის გამო, რომელიც ბრწყინავდა ღვთის ხილვისა და მასთან საუბრის გამო.

ძირითადად და არსებითად, მზადება ხორციელდებოდა კაცობრიობის მთელი ისტორის მსვლელობისას გარკვეულ ჟამამდე.  და სწორედ ამიტომაა, რომ მარიამს ვიხსენიებთ "მიზეზად იმ ყველაფრისა, რაც წინ უძღოდა მას".

ღვთის გამოცხადება ადამიანში შიშს წარმოშობს. უფლის სამმა მოწაფემ, რომლებიც ფერისცვალებისას მასთან ერთად იყვნენ, სწორედ ეს დაუძლეველი შიში იგრძნეს, ესმათ რა ღრუბლიდან გამომავალი ხმა: ,,ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ."[13] ასევე, ჯარისკაცებიც, რომლებიც ქრისტეს შესაპყრობად წარიგზავნენ გეთსამანეს ბაღში, მოისმინეს რა - "მე ვარ" - "გარეუკუნიქცეს და დაეცნეს ქუეყანასა"[14].

წმინდა გრიგოლ პალამა (მას საეკლესიო მსახურებაში "მეორე მოსე" ეწოდება, "რომელიც ღირს იქმნა ათონზე ღვთაებრივი წყვდიადის ხილვისა".) ღვთის გამოცხადებას ჯვრის საიდუმლოს განცდას უკავშირებს. და ეს არ შემოიფარგლება ახალი აღთქმის ეკლესიის წმინდანებით, არამედ ვრცელდება ძველი აღთქმის ყველა მართალზე, ღვთის ყველა მეგობარზე.  "ქრისტეს ჯვარი, - ამბობს ეს წმინდანი, - ყოველთვის იყო ჩვენს წინაპართა შორის, ვიდრე ჯერ კიდევ ცხადად გამოცხადდებოდა, სწორედ ეს საიდუმლო მოქმედებდა მათში."[15] მოსესთვის ეს იყო ჯვარი თავისი ხალხის ეგვიპტიდან გამოყვანისა და იმ მხარეს წაყვანისა, საითაც ღმერთი წარუძღვებოდა.  ასევეა აბრაამის ჯვარიც, დაეტოვებინა თავისი სამშობლო, ოჯახი და საკუთარი სახლი იმისათვის, რომ შედგომოდა გზას ღვთისაკენ. ჯვრის საიდუმლო, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო ერთგვარი აქტი, საქმე ამა თუ იმ ვითარებასა და სიტუაციაში, როგორც მოციქული პავლე შეგვაგონებს თავისი სიტყვით: ,,სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს და მე - სოფლისა"[16]. "სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს" - ჯვრის საიდუმლოს პირველი საფეხურია.  მეორე საფეხური ამ საიდუმლოსი კი "ჩვენი ჯვარცმაა სოფლისადმი".   ამ საფეხურზე შედგომისას ჩვენი ხორციელი გონება კვდება და გამოცხადების ძალით, ღვთის ხილვით ცოდვის რჯული წყვეტს მოქმედებას ჩვენს სხეულში. ვინც ღმერთს ხედავს, გათავისუფლებულია ტყავის სამოსელისაგან, რომელშიც ცოდვა მოქმედებს, როგორც მოსესთან ვნახეთ, რომელმაც მოიშორა თავისი ტყავის ფეხსაცმელი, როცა აალებულ მაყვლოვანს მიეახლა.

ვნებებისგან და ხორციელი გონებისაგან გათავისუფლება ცვლის მათ, ვინც ყველა ადამიანში ღმერთს ხედავს, ვინც გულში იკრავს მთელ ქვეყანას და მზადაა გაიღოს საკუთარი თავი სხვებისთვის.  სწორედ ასე, მოსემ გაიღო საკუთარი თავი დასაღუპად, თუ ღმერთი არ შეუნდობდა ცოდვას იმ ისრაელიანებს, რომლებმაც უდაბნოში ოქროს კერპი გაიკეთეს. მართალმა სიმეონმა ტაძარში აღიარა ჩვილი ქრისტე ყველა ხალხის მაცხოვრად და მშვიდობით მიიღო თავისი გარდაცვალება ამქვეყნიდან. მოციქულ პავლეს სურდა და ლოცულობდა კიდეც, რომ თვითონვე ყოფილიყო შეჩვენებული და ქრისტესაგან მოკვეთილი (რომელიც უზომოდ უყვარდა), რათა თავისი მოძმე-თანამემამულენი ეხსნა უმეცრებისაგან (რომ. 9:1-7).  და მეუდაბნოე ასკეტებიც, როცა ისინი მიიწეოდნენ ღვთის ხილვისა და შემეცნებისაკენ, თავისდაუნებურად ლოცულობდნენ მთელი მსოფლიოსათვის.

ძველი აღთმის გამოცხადებები, ჩვეულებრივ, ეკლესიის მამათა მიერ განიმარტება, როგორც წმინდა სამების მეორე ჰიპოსტასის გამოცხადება, რომელიც ამზადებს გზას და წინადასახავს თავის განკაცებასა და დიდებულ გამოჩენას კაცობრიობის წინაშე.  დიდება ღვთისა, რომელიც წარმოდგენილია როგორც ნათელი, როგორც ღრუბელი, როგორც ცეცხლის სვეტი, როგორც წყვდიადი, როგორც ქარიშხალი, როგორც ფაქიზი და მშვიდი სიო, კვლავ ბრწყინავს  თაბორზე, როგორც მიუწვდომელი სინათლე. იგივე დიდებულება კვლავაც აგრძელებს გამოცხადებას დღევანდელ ცხოვრებაშიც მათდამი, რომლებიც ამის ღირსნი არიან  (იმდენად, რამდენადაც შეუძლიათ მისი მიიღება) - და კიდევ უფრო მეტადაც გამოცხადდება მომავალში. განკაცებამდე და ევქარისტიის წმიდა საიდუმლოს დაფუძნებამდე, შეუქმნელმა ნათელმა გარეგნულად განანათლა ღმერთის მხილველნი, ხოლო აწ დაინერგება და იარსებებს, როგორც ერთგულთა და სარწმუნოთა შინაგანად განმანათლებელი .

თვით ღმერთი გამოვლინდა ძველი აღთქმის თეოფანიებში, გამოცხადებით: "მე ვარ".  ახალი აღთქმის გამოცხადება კი, რომელიც ღვთის სიტყვის განკაცებაშია, ქრისტეს აღთქმით, "მე თქვენ თანა ვარ", ღვთისა და ადამიანის თანაცხოვრებით დასრულდა, რომელიც გარდაგვქმნის ღმერთად ყოველივეში, "ჩვენივე არსის იგივეობის შეუცვლელად".  ამავე აზრით, ქრისტეს მოციქულთა წინაშე აღსრულებული ღვთის გამოცხადებანი, ისევე როგორც ახალი აღთქმის ეკლესიის ყველა წმინდანის წინაშე, გაცილებით სრულყოფილია, ვიდრე ძველი აღთქმის გამოცხადებანი. ღვთის ეს გამოცხადებები არ არის მარტოოდენ მისი პიროვნული, ანუ ჰიპოსტასური გამოვლინება, არამედ - ესაა ღმერთთან ზიარება, რომელიც აღგვამაღლებს ჭეშმარიტი პიროვნულობის, ჰიპოსტასურობის სიმაღლემდე. ესაა ღვთის ჩვენებანი, რომლებშიც რეალურ პიროვნებებად ვიხილვებით და, ამდენად, ვხდებით მისი მსგავსნი და დიდებულების თანამოზიარენი.


ინგლისურიდან თარგმნა აკაკი ჯოხაძემ


_________________
შენიშვნები

[1] გამოსვლა 33:20.
[2] ფსალმუნი 17 (18): 12.
[3] იოანე 1:18 და 1 Jn 4:12.
[4] 1 ტიმ 6:16.
[5] დაბადება 32:30.
[6] გამოსვლა 33:11.
[7] იობ. 42:5.
[8] მთ. 5:8.
[9] I ინ. 3:2.
[10] მთ. 17:6.
[11] გამოსვლა 6:2-3.
[12] გამოსვლა 3:14.
[13] მთ. 17:5.
[14] ინ. 18:6.
[15] წმინდა გრიგოლ პალამა, XI ჰომილია.
[16] გალატელთა. 6:14.