რიჩარდ დიმი
შესავალი
ბევრ სკეპტიკოსს სჯერა, რომ ბიბლია საუკუნეების განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. სინამდვილეში, ბიბლია ითარგმნა სხვადასხვა ენებზე (ბერძნულად, ლათინურად, გერმანულად, შემდეგ ინგლისურად და სხვა ენებზე). თუმცა, უძველესი ხელნაწერები (ებრაული, არამეული და ბერძნული) სავსებით სანდოდ გადაიწერებოდა საუკუნეთა განმავლობაში - ძალიან მცირე, უმნიშვნელო ცვლილებებით.
ძველი აღთქმა
საიდან ვიცით, რომ ბიბლია 2000 წლის მანძილზე უცვლელად ინახებოდა და გადაიწერებოდა? მკვდარი ზღვის გრაგნილების აღმოჩენამდე, ძვ. აღთქმის უძველესი ებრაული ხელნაწერი იყო მაზორეტული ტექსტი, ახ. წ. 800 წლით დათარიღებული. მკვდარი ზღვის გრაგნილები თარიღდება უფლის, იესო ქრისტეს მოღვაწეობის პერიოდით, იგი გადაიწერა ყუმრანის მოსახლეობის (თემის) მიერ, მკვდარი ზღვის გარშემო არსებული ებრაულ სექტის მიმდევრების მიერ. ჩვენ ასევე გვაქვს სამოცდაათთა ბერძნული თარგმანი (სეპტუაგინტა) ძვ. აღთქმისა, რომელიც ქრისტეს შობამდე III-II (270 წ.) საუკუნით თარიღდება. როდესაც ამ ტექსტებს შევადარებთ, რომელთა შორისაც 800-1000 წლიანი უფსკრულია, გაოცებულნი დავრჩებით, რადგან ორივე ტექსტი 95% იდენტურია, მათში მხოლოდ მცირე ვარიაციები და რამდენიმე შეუსაბამობაა.
ახალი აღთქმა
არსებობს ათი ათასობით ხელნაწერი ახალი აღთქმისა, რომლებიც, მთლიანად თუ ნაწილობრივ, თარიღდებიან ახ. წ. II საუკუნიდან XV საუკუნემდე, როდესაც საბეჭდი მანქანა გამოიგონეს. ეს ხელნაწერები აღმოჩენილია ეგვიპტეში, პალესტინაში, სირიაში, თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, და ყოველგვარი "პირის შეკვრა" საეჭვოა, ნაკლებად დასაჯერებელია. ყველაზე ძველი ხელნაწერი, ჯონ რილენდისად წოდებული, დათარიღებულია ახ. წ. 125 წლით. იგი ნაპოვნი იქნა ეგვიპტეში, ანუ მცირე აზიიდან (სადაც ახალი აღთქმა თავდაპირველად შეიქმნა) მცირე მანძილის დაშორებით. არაერთი უძველესი ქრისტიანული პაპირუსი აღმოაჩინეს 1935 წელს, 150 წლით დათარიღებული, ოთხთავის (ანუ ოთხი სახარების) შემცველი. ბოდმერის (ბოდმერის ბიბლიოთეკა, შვეიცარია) II პაპირუსი აღმოაჩინეს 1956 წელს, თარიღდება ახ. წ. 200 წლით და მოიცავს იოანეს სახარების 14 თავსა და ბოლო შვიდი თავის ნაწილებს. ჩესტერ ბითის ბიბლიური პაპირუსი აღმოაჩინეს 1931 წელს, თარიღდება ახ. წ. 200-250 წლით და მოიცავს ოთხთავს, მოციქულთა საქმეებს, წმ. პავლე მოციქულის ეპისტოლეებს და გამოცხადებას. წმ. წერილის ხელნაწერთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე უძველეს საისტორიო მწერლობის ძეგლებისა, მაგ. როგორიცაა კეისარის "გალური ომები" (10ბერძნული ხელნაწერი, უძველესი ხელნაწერი 950 წლითაა დაშორებული დედანს), ტაციტუსის "ანალები" (ორი ხელნაწერი, მათ შორის უძველესი 950 წლითაა დაშორებული დედნისაგან), ტიტუს ლივიუსი (20ხელნაწერი, მათგან უძველესი 350 წლითაა დაშორებული დედანს, და პლატონი (7 ხელნაწერი).
ათასობით ადრეული ქრისტიანული ნაწერები და ლექციონარები (პირველი და მეორე საუკუნისა) ციტირებენ ახალი აღთქმის წიგნებიდან მუხლებს. ფაქტობრივად, ეს მთელი ახალი აღთქმაა ადრეულ ქრისტიანულ მწერლობაში. მაგალითისათვის, წმ. კლიმენტის ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ (თარიღდება ახ. წ. 95 წლით) ციტირებულია მუხლები ოთხთავიდან, მოციქულთა საქმეებიდან, პავლე მოციქულის ეპისტოლედან - რომაელთა მიმართ, კორინთელთა მიმართ I ეპისტოლედან, ეფესელთა მიმართ ეპისტოლედან, ტიტეს მიმართ ეპისტოლედან, ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან და წმ. პეტრე მოციქულის I კათოლიკე ეპისტოლედან. ეგნატეწ (ეგნატე ღმერთშემოსილი) წერილებში (თარიღდება ახ. წ. 115 წლით.), რომელიც მცირე აზიის რამდენიმე ადგილობრივი ეკლესიის მიმართ დაიწერა, ციტირებულია მუხლები მათესა და იოანეს სახარებიდან, რომაელთა, კორინთელთა I და II ეპისტოლეებიდან, გალატელთა და ეფესელთა ეპისტოლედან, ფილიპელთა მიმართ, ტიტესა და ტიმოთეს მიმართ I და II ეპისტოლეებიდან. ეს წერილები იმაზე მიუთითებს, რომ მთელი ახალი აღთქმა დაიწერა ახ. წ. პირველ საუკუნეში. ამის გარდა, გვაქვს შიდა ტექსტობრივი მტკიცებულებანი ახალი აღთქმის დაწერის პირველი საუკუნით დათარიღებისათვის. მოციქულთა საქმეები მთავრდება მოულოდნელად, უეცრად, პავლე მოციქულის პატიმრობაში, რომელიც სასამართლო პროცესს ელოდება (მოციქულთა საქმენი 28:30-31). შესაძლებელია, რომ წმ. ლუკა "მოციულთა საქმეები" იმ დროის განმავლობაში დაწერა, სანამ პავლე მოციქული უკანასკნელად წარსდგებოდა ნერონის წინაშე; ეს იყო დაახლოებით 62-63 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ "საქმეთა" წიგნი და "სახარება ლუკას თავისა" (ლუკას სახარება) დაიწერა იესო ქრისტეს მოღვაწეობის, სიკვდილისა და აღდგომიდან ოცდაათი წლის განმავლობაში. სხვა, შიდა ტექსტობრივი მტკიცებულება ისაა, რომ ტექსტში არ არის ნახსენები იერუსალიმის დაქცევა, რომელიც 70 წელს აღსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ წმ. მათემ, მარკოზმა და ლუკამ ჩაწერეს იესო ქრისტეს წინასწარმეტყველება ტაძრისა და ქალაქის დაქცევაზე, რომელიც იმ თაობის ხალხზე მოიწეოდა (მთ. 24:1-2; მკ. 13:1-2; ლკ. 21:5-9, 20-24, 32), ახალი აღთმის წიგნები არ ეხებიან ამ მოვლენას, როგორც აღსრულებულს. თუ წიგნები 70 წლის შემდეგ დაიწერა, მეტი ალბათობაა, რომ ნაწერებში მოხსენიებული იქნებოდა იესო ქრისტეს წინასწარმეტყველების აღსრულება. როგორც ნელსონ გლუკმა, ცინცინატის ებრაელთა კავშირში არსებული იუდაისტური სასულიერო სემინარიის ყოფილმა პრეზიდენტმა და ცნობილმა ებრაელმა არქეოლოგმა განაცხადა: "ჩემი აზრით, ახალი აღთქმის ყველა წიგნი პირველი საუკუნის 40 - 80-იან წლებში დაიწერა".
დასკვნა
ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ხელნაწერულ მტკიცებულებებში მასობრივი შეუსაბამობებია - სინამდვილეში კი პირიქითაა. ახალი აღთქმის სხვადასხვა ხელნაწერეთა ტექსტი ერთმანეთთან 99.5% თანხმობაში არიან. შეცდომების უმრავლესობა ორთოგრაფიული და სინტაქსურია. რამდენიმე სიტყვა ან შეცვლილია ან დამატებული. არის ორი მუხლი, რომლებიც საკამათოა, მაგრამ არაა არანაირი დოგმატური მნიშვნელობის უთანხმოება და სხვაობა. თუკი რაღაც სადავოს, შეუსაბამობას ვაწყდებით, ამისთვის ბიბლიის უმრავლეს გამოცემას სქოლიოს სახით დართული აქვს შენიშვნები და კომენტარები. როგორ შეიძლება ასეთი, ზედმიწევნითი სიზუსტე დაცული იყოს გადაწერის 1,400 წლიან პერიოდში? ორი მიზეზის გამო:
- გადამწერნი ზედმიწევნით ამოწმებდნენ თავიანთსავე შესრულებულ ასლებს, უდარებდნენ სხვა ხელნაწერებს (რომელთა ავტორებიც, რა საკვირველია, ამგვარადვე იქცეოდნენ) შეცდომებისაგან დასაცავად.
- ღვთის ყოვლადწმიდა სულმა ჰყო ყოველივე, იმისათვის, რომ ჩვენ ზუსტი ასლები ( ხელნაწერები) გვქონოდა ღვთის სიტყვისა.
ასე რომ, არ უნდა მოვტყუვდეთ. მორმონების (ჯოზეფ სმიტის ამერიკული სექტა), სასულიერო ლიბერალების ("პროტესტანტული ლიბერალიზმი"), ისევე, როგორც სხვა კულტებისა და ცრუ-რელიგიების (როგორიცაა მაგ. ისლამი) განცხადებები, რომ - თითქოს - ბიბლია სრულიად განადგურდა, სიცრუე და სიყალბეა. სწორედ ამაზე მოწმობს ხელნაწერთა უვრცელესი, ისტორიული მტკიცებულებანი, რომელთა შესახებაც დაიწერა ეს ყოველივე - ზემოთ აღწერილი; საბოლოოდ კი იოანე მახარებლის სიტყვებით რომ ვთქვათ: "ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა" (ინ. 20:31).
რატომ აღარ აგრძელებ ჩვენს მომარაგებას საინტერესო სტატიებით?
ReplyDeleteახლა საკუთარი თავის მომარაგებაზე ვზრუნავ, თუ ზრუნვა ჰქვია. გაიხარე...
ReplyDelete